2023.06.12 - 03:57:31


  • როგორც იცით და Battle-რეპის მოყვარულები სულმოუთქმელად ელოდებით კიდეც, 16 ივნისს ახალი პროექტი – PVP FLOW – იწყება. პროექტი სეზონს გარეშე Battle-ით იხსნება, რომელიც პელესა და NIKKI SLOW-ს შორის გაიმართება.
  • სანამ 16 ივნისის 21 საათი მოვა, გადავწყვიტეთ, არტისტების მცირე კომენტარები შემოგთავაზოთ – რას ფიქრობენ ისინი პროექტის შესახებ და რას ელოდებიან Battle-ისგან.

  • პელე
  • – ეს უკვე აღარ არის Battle მუსიკის გარეშე. არ მგონია, ვინმესთვის უცნობი ფორმატი იყოს, რადგან მისი უცხოური ანალოგები ბევრისთვის ცნობილია. განსხვავება მხოლოდ ის არაა, რომ მუსიკა დაემატა – იცვლება პრიორიტეტები და კრიტერიუმები. ეს არის ფორმატი, სადაც იმდენი ყურადღება აღარ ექცევა ტექსტის აზრს, რამდენიც – Flow-ს, რიტმს, რითმას და რეპერის სხვა სასცენო უნარებს.
    – როგორი განწყობა გაქვს? შეძლებს პელე სეზონის მოგებას და იქნება ისეთ მაღალ დონეზე, როგორც PVP Battle-ის გასულ სეზონებში, თუ ეს ახალი და განსხვავებული გამოწვევაა, სადაც ასევე გამოცდი საკუთარ თავს?
  • – გამოწვევა, რა თქმა უნდა, არის. როცა ასეთი რაღაც ჯერ არ გაგიკეთებია, გადაჭრით ვერაფერს იტყვი. ყველაფერი პირველი Battle-ის მერე უფრო გამოიკვეთება. რაც შეეხება მოგებას, Battle-ზე არასდროს გავდივარ მოსაგებად. მე ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო, თორემ მოგება მარტივია, თუ იკადრებ.

  • NIKKI SLOW
  • PVP Battle-ის პირველი სეზონის გამარჯვებულის, პელეს მოწინააღმდეგე PVP FLOW-ს სეზონს გარეთ Battle-ში NIKKI SLOW იქნება. არტისტი, მაყურებლის მსგავსად, მოუთმენლად ელოდება Battle-ს და იმედი აქვს, რომ ის და პელე შთამბეჭდავ სანახაობას შემოგვთავაზებენ. NIKKI საბრძოლო განწყობაზეა და ფიქრობს, რომ BPM Battle-ში მას პელესთან დიდი უპირატესობა ექნება.
    – ახალ პროექტს PVP FLOW ჰქვია, რადგან, ძველი Battle-ებისგან განსხვავებით, აკაპელას ნაცვლად, მუსიკა იქნება. შესაბამისად, აქ ნაკლები თავისუფლებაა, შეცდომების დაშვების უფლებაც არ გაქვს და ტექნიკურადაც ბევრად რთულად შესასრულებელია. გარდა იმისა, რომ კარგი ფანჩი უნდა დაწერო, ყველაფერი რითმში სწორად უნდა იჯდეს და მსმენელისთვის კარგად ჟღერდეს.
    – რა როლს ითამაშებს Battle-ის კულტურის და ზოგადად, რეპ-კულტურის განვითარებაში ახალი პროექტი, რით იქნება ის საინტერესო?
    -PVP Battle-მა დიდი გავლენა მოახდინა ჩვენთან არსებულ ჰიპ-ჰოპ ბაზარზე. ამ პროექტმა ძალიან ბევრი არტისტი შექმნა. ჩემი სურვილი იქნებოდა, პროექტში მონაწილეობა მძიმეწონიან რეპერებსაც მიეღოთ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მე ვიღებ მონაწილეობას. მინდა, ახალგაზრდებსაც მივცეთ მაგალითი, რომ შესაძლებელია ამ სცენაზე გამოსვლა და მაგრად „ბაზარი“.
    – რატომ გადაწყვიტე უშუალოდ ამ პროექტში ჩართვა და არა ძველ PVP Battle-ში?
    – მაგ პერიოდში პირად ცხოვრებაში საკმაოდ რთული ეტაპები მქონდა. თანაც, ეს ფორმატი ჩემთვის საკმარისად რთულად არ მიმაჩნდა. ზოგადად, ძალიან მიყვარს გამოწვევები. სიმართლე გითხრათ, ვერც ჩემს კონკურენტს ვხედავდი. თუ რაიმე შეჯიბრებაში ვიღებ მონაწილეობას, პირველ რიგში, კონკურენცია მაინტერესებს, რადგან აზარტი გამიჩნდეს.
    – პროექტი შენი და პელეს Battle-ით იხსნება. შენი მოწინააღმდეგე, ბევრის აზრით, საქართველოში საუკეთესო Battle MC-ია. როგორ განწყობაზე ხარ და რას ელოდები ამ Battle-ისგან?
    – პირველ რიგში, სიამოვნების მიღებას. Battle რეპი ჰიპ-ჰოპის ერთ ერთ ქვეკულტურაა. ჰიპ-ჰოპი ძალიან დიდი არეალია და მინდა, ჩემთვის საინტერესო ყველა მიმართულებას შევეხო. ეს კონკრეტული ფორმატი ძალიან მომწონს. დიდი იმედი მაქვს, რომ მეც და პელეც კარგ შოუს დავდგამთ.
    სიმართლე გითხრათ, პელეს ძლიერ კონკურენტად არ აღვიქვამ. მეტსაც გეტყვით, ცალკარას ველოდები. ბევრს პელე დღეს საუკეთესო Battle MC ჰგონია. მე გამოვალ და ამ მითს დავამსხვრევ.
    პირველ რიგში, მთელი დარბაზი მაგრად უნდა „ვაგულავო“. პელე მეორეხარისხოვანია. მე უკვე მზად ვარ Battle-ისთვის. დიდი ხანი არც მჭირდება ხოლმე, მით უმეტეს მაშინ, როცა პელესნაირი კონკურენტი გყავს, რომელსაც ინტერვიუებში ბევრი ლაპარაკი უყვარს. არც კი გჭირდება ინფორმაციის მოძებნა, ყველაფერს თავისი პირით ამბობს. გარდა იმისა, რომ მაგრად „ვიბაზრებ“, მინდა, კარგი პერფორმანსი დავდო და ხალხს ის მუხტი მივცე, რომელიც სჭირდება.